ამ კანონის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.
ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს კანონმდებლობა საექიმო საქმიანობის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) განსაზღვრავს:
ა) საექიმო სპეციალობათა ნუსხას;
ბ) მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა ნუსხას;
გ) იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა ამა თუ იმ დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საექიმო საქმიანობა – მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის მიზანია ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით, აგრეთვე საექიმო ტრადიციების გათვალისწინებით ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, მისთვის ტანჯვის შემსუბუქება;
ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) რეზიდენტურა – უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და პრაქტიკული საექიმო საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება) პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
დ) რეზიდენტი – პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში;
ე) ექიმი სპეციალისტი – პირი, რომელმაც გაიარა რეზიდენტურის კურსი ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში და მიიღო ამ დარგში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;
ზ) ტელემედიცინა – სამედიცინო მომსახურების დისტანციური უზრუნველყოფა, რომელსაც სამედიცინო დარგის პროფესიონალი ახორციელებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით და რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლა დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების, სამედიცინო კვლევისა და მისი შედეგების შეფასებისათვის;
თ) საუნივერსიტეტო კლინიკა – შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე, კვალიფიციური ექიმებითა და პედაგოგებით დაკომპლექტებული, სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებში მონაწილე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემაზე ორიენტირებული უმაღლესი დონის მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულება, რომელშიც მიმდინარეობს კლინიკური დისციპლინების სწავლება, მეცნიერული კვლევა და უმცროსი ექიმისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება და რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლეს სამედიცინო-საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის წარმართვის შესახებ;
ი) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
კ) ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება – პაციენტის (პაციენტების) სამედიცინო მომსახურება, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება ერთ თვეს;
ლ) მომიჯნავე სპეციალობები – მედიცინის ერთ დარგში შემავალი საექიმო სპეციალობები, რომელთა საგანმანათლებლო პროგრამა და პროფესიული საქმიანობის ხასიათი გარკვეულწილად ესადაგება ერთმანეთს;
მ) დროებითი საექიმო საქმიანობა – უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ხანგრძლივობით განხორციელებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა;
ნ) უმცროსი ექიმი – თანამდებობა, რომლის დაკავების უფლება აქვს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს. ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ექიმის ფუნქციას ასრულებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით; (13.05.2005 N 1434)
ო) უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულა (შემდგომში – უპგ ქულა) – უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის შესაფასებელი ერთეული; (13.05.2005 N 1434)
პ) უპგ ქულების ტიპები – ქულების ტიპებად კლასიფიცირება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობის მიხედვით; (13.05.2005 N 1434)
ჟ) სერტიფიცირება – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭების პროცესი, რომლის მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უნარის შეფასება.
რ) უწყვეტი სამედიცინო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას, აგრეთვე სხვადასხვა საქმიანობებს, რომლებიც ექიმის პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების განმტკიცებას და გაუმჯობესებას უწყობს ხელს (კონგრესებში, კონფერენციებში მონაწილეობა, ნაშრომების გამოქვეყნება, სწავლება და სხვა); (13.05.2005 N 1434)
ს) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ სპეციალობაში უწყვეტ პრაქტიკულ კლინიკურ საქმიანობას და ფასდება სათანადო მახასიათებლებით (პაციენტების რაოდენობა, ჩასატარებელი მანიპულაციების რაოდენობა, პრაქტიკული საქმიანობის ხანგრძლივობა და სხვა); (13.05.2005 N 1434)
ტ) პროფესიული რეაბილიტაცია – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი (1–5-თვიანი) სწავლების/მზადების კურსის გავლას და რომლის მიზანია ექიმის პროფესიული კომპეტენციის აღდგენა კონკრეტულ საექიმო სპეციალობაში; (13.05.2005 N 1434)
უ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ექიმის კლინიკური საქმიანობის ხარისხისა და გამოსავლის/შედეგების პერიოდულ შეფასებას და შესაბამისი ინდიკატორების ეტაპობრივ გაუმჯობესებას; (13.05.2005 N 1434)
ფ) დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) – დიპლომამდელი სამედიცინო განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო სპეციალობის დაუფლება; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ქ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) – დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმა, რომელიც წარიმართება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებს გარეთ და გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის კანონით განსაზღვრულ ვადებში გავლას; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ღ) საექიმო სპეციალობის მაძიებელი – პირი, რომელიც ეუფლება საექიმო სპეციალობას ამ კანონით დადგენილი წესით, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებით (პროფესიული მზადებით); (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ყ) მოდული – დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის დამოუკიდებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ სფეროს და რომელშიც ასახულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
შ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა – პროცედურა, რომლის წარმატებით გავლა უფლებას აძლევს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, მონაწილეობა მიიღოს დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) რომელიმე საექიმო სპეციალობის დასაუფლებლად; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ჩ) კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაცია – კონკრეტული კლინიკური მდგომარეობის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის ან რეაბილიტაციის სქემა, რომელიც შემუშავებულია ფაქტებზე დამყარებული მედიცინის მონაცემების გამოყენებით; (13.05.2005 N 1434)
ც) კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური მეთოდური რეკომენდაცია – კონკრეტული კლინიკური პრობლემის მართვის ქვეყანაში ოფიციალურად აღიარებული სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც ეფუძნება მიმდინარე პერიოდში საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს; (13.05.2005 N 1434)
ძ) საექიმო სუბსპეციალობა – დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმი-სპეციალისტის დამატებითი კომპეტენცია, რომელიც გულისხმობს პროფილაქტიკური, სადიაგნოზო, სამკურნალო ან სარეაბილიტაციო ტექნოლოგიის ან მეთოდის ფლობას, ან რომელიმე ორგანოს ან ორგანოთა სისტემის დაავადების მართვას და რომლის დასაუფლებლად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დამტკიცებული შესაბამისი პროგრამით. (13.05.2005 N 1434)
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს ამ კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის თანამდებობისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, აგრეთვე აღმსარებლობისა.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და ამ კანონით დადგენილი წესით მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი (შემდგომში – სახელმწიფო სერტიფიკატი).
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირს აქვს მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატში აღნიშნული სპეციალობით (სპეციალობებით), გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.
1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო უცხო ქვეყნის უმაღლეს სამედიცინო სასწავლებელში, რომლის დიპლომიც აღიარებულია საქართველოში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონით დადგენილი წესით.
2. უცხო ქვეყნების ნუსხას, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში, განსაზღვრავენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლების სამინისტროები.
1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
3. სამინისტრო განსაზღვრავს:
ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე;
ბ. იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისას სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უცხო ქვეყნის სპეციალისტი ეწევა დროებით დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ან ახორციელებს ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას.
1. უცხო ქვეყნის სპეციალისტი ამ კანონით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის.
2. სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვრავს იმ საექიმო სპეციალობათა ნუსხას, რომელთა განვითარებისათვის ან შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის მიზანშეწონილია უცხო ქვეყნის სპეციალისტის საქართველოში მოწვევა და მისთვის დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება. (13.05.2005 N 1434)
3. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის დასაშვებია:
ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყნიდან;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწი-ნებულ საექიმო სპეციალობებში.
4. დასაშვებია ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის ნებისმიერი საექიმო სპეციალობის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევა მხოლოდ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებული ქვეყნიდან.
5. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით. ამ უფლების დამადასტურებელი საბუთის ფორმას ნორმატიული აქტით განსაზღვრავს სამინისტრო. (13.05.2005 N 1434)
6. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ადგილს, ვადასა და მიზანს განსაზღვრავს სამინისტრო ამ სპეციალისტთან და ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად.
7. უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან.
8. უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არა უმეტეს ერთი წლით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელების უფლება აქვს სამინისტროს. გადაწყვეტილება მიიღება ექიმთა შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან ერთად.
9. სამინისტროს უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის. უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევამდე აუცილებელია იმ სამედიცინო დაწესებულების წერილობითი თანხმობა, რომელშიც უცხო ქვეყნის სპეციალისტმა უნდა გასწიოს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა ან განახორციელოს ერთჯერადი სამედიცინო მომსახურება.
10. სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, სამინისტროს წერილობითი ნებართვის საფუძველზე.
11. ერთჯერადი სამედიცინო მომსახურებისათვის უცხო ქვეყნის სპეციალისტის მოწვევისას, თუ პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ამ მუხლის მე-5, მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება გაფორმდეს სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ.
12. თუ უცხო ქვეყნის სპეციალისტს დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ეძლევა 6 თვეზე მეტი ვადით, მასთან დადებული ხელშეკრულება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივი საექიმო კადრის (კადრების) უფასოდ მომზადება-დახელოვნებას იმ საექიმო სპეციალობაში, რომლითაც მუშაობს უცხო ქვეყნის სპეციალისტი. ადგილობრივი საექიმო კადრის (კადრების) მომზადების პირობები, აგრეთვე საექიმო კადრის (კადრების) რაოდენობა განისაზღვრება, ერთი მხრივ, უცხო ქვეყნის სპეციალისტსა და, მეორე მხრივ, სამინისტროს ან სამედიცინო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულებით. ადგილობრივი საექიმო კადრის (კადრების) შერჩევას აწარმოებს სამინისტრო ან სამედიცინო დაწესებულება სამინისტროსთან შეთანხმებით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში რეზიდენტს ან საექიმო სპეციალობის მაძიებელს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება შესაბამის სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) შემადგენელ ნაწილად. ამისათვის აუცილებელია, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაო შეესაბამებოდეს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამას, რაც უნდა დაადასტუროს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭომ. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ განსაზღვრული პირობების და კრიტერიუმების შესაბამისად. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
1. ნებისმიერ საექიმო სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო სერტიფიკატი სხვა საექიმო სპეციალობითაც (სპეციალობებითაც), ამ კანონით დადგენილი წესით.
2. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა არ არის იმ საექიმო სპეციალობის მომიჯნავე, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ არჩეული ახალი საექიმო სპეციალობა იმ სპეციალობის მომიჯნავეა, რომლის სახელმწიფო სერტიფიკატიც მას უკვე აქვს, ახალი სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა შესაბამის საექიმო სპეციალობაში უნდა გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დადგენილი კურსის ნაწილი. მის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
საექიმო სპეციალობა, რომელშიც პირს ეძლევა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, უნდა შეესაბამებოდეს მისთვის უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით (დიპლომით) მინიჭებულ კვალიფიკაციას. პროფესიული განათლების შესაბამისობას სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებასთან განსაზღვრავს სამინისტრო.
1. ექიმის ფუნქციის შესრულება არის იმ პირის საექიმო საქმიანობა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება.
2. ექიმის ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:
ა) უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს, მხოლოდ საუნივერსიტეტო კლინიკაში ან სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც არსებობს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის შესაბამისი კათედრა, კლინიკური მედიცინის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი პედაგოგის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე;
ბ) რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს, მხოლოდ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო დაწესებულებაში, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ექიმი-სპეციალისტის ხელმძღვანელობითა და მეთვალყურეობით, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტისათვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
გ) უმცროს ექიმს.
3. პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა მხოლოდ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
4. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სასწავლო პროგრამის ფარგლებში რეზიდენტს და საექიმო სპეციალობის მაძიებელს არა აქვთ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია ან მას ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
5. უმცროს ექიმს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
6. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტს არა აქვს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტს აღენიშნება სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება და შეუძლებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დროულად მოძებნა.
1. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ფორმებია:
ა) რეზიდენტურა;
ბ) რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება).
2. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) უფლება აქვს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა ქულების დადგენილი რაოდენობა. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
3. რეზიდენტურაში მზადება წარმოებს სარეზიდენტო პროგრამით, რომელსაც დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო. რეზიდენტურაში მზადებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო (სტომატოლოგიურ სპეციალობებში დასაშვებია კერძო დაფინანსება), სამინისტროს სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის წესი, კრიტერიუმები, აგრეთვე რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურაში მზადების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხება რეზიდენტურაში.
4. სარეზიდენტო პროგრამების შესრულების ანალიზს, მონიტორინგს და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, აგრეთვე რეზიდენტურაში მზადების ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
5. სარეზიდენტო პროგრამა შედგება მოდულებისაგან, რომლებშიც მოცემულია მზადების მიზანი, ასათვისებელი საკითხებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მზადების ფორმები, მეთოდები და ხანგრძლივობა, მოსალოდნელი შედეგები და შეფასების კრიტერიუმები. პროგრამაში აგრეთვე ასახულია მზადების ორგანიზაციული და მეთოდური უზრუნველყოფის საკითხები. სარეზიდენტო პროგრამის მოდულებად დაყოფას კოორდინაციას უწევს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო.
6. რეზიდენტურაში მისაღებ პირთა რაოდენობას საექიმო სპეციალობების მიხედვით ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის საჭიროებებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით ყოველწლიურად განსაზღვრავს სამინისტრო.
7. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) გულისხმობს სარეზიდენტო პროგრამის ყველა მოდულის გავლას ცალკეული მოდულისა და მთლიანად პროგრამის ხანგრძლივობის ზუსტად განსაზღვრის გარეშე. ამასთანავე, რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მაქსიმალური ჯამური ვადა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ფინანსდება კერძო პირის მიერ მოძიებული სახსრებით.
8. დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლების მისანიჭებლად დაწესებულებების აკრედიტაციას ახორციელებს დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო. დაწესებულებამ აკრედიტაცია შეიძლება მიიღოს ცალკეული საექიმო სპეციალობის (სპეციალობების) ერთი ან რამდენიმე მოდულის ფარგლებში.
უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებულ, დიპლომის მქონე პირს უფლება აქვს:
ა) გაიაროს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ბ) განახორციელოს კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მედიცინის თეორიულ დარგებში ან ჯანმრთელობის დაცვის სხვა სფეროში, რომელიც არ გულისხმობს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას;
გ) იმუშაოს უმცროს ექიმად.
1. სერტიფიცირება მოიცავს:
ა) საექიმო პერსონალის პროფესიული ცოდნის დონისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეფასებას;
ბ) საექიმო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულ პროფესიულ საქმიანობასთან შესაბამისობის განსაზღვრას.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მისაღებად ყველა იმ საექიმო სპეციალობაში, რომელიც სამინისტროს მიერ შეტანილია ამ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობებში, აუცილებელია სერტიფიცირება, გარდა ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა.
1. სახელმწიფო სერტიფიკატი:
ა) არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ბ) განსაზღვრავს საექიმო სპეციალობას და ვადას, რომელშიც პირი უფლებამოსილია განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა. (13.05.2005 N 1434)
2. სახელმწიფო სერტიფიკატი სავალდებულოა მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის.
3. სახელმწიფო სერტიფიკატის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აკრძალულია ამავე აქტით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უფლებების შეზღუდვა, ამ კანონით გათვალისწინებულის გარდა სხვა ინფორმაციის ან ხარჯების გაწევის მოთხოვნა.
4. სახელმწიფო სერტიფიკატი არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.
5. სახელმწიფო სერტიფიკატის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
6. სახელმწიფო სერტიფიკატი ვადაზე ადრე უქმდება მისი გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა. (13.05.2005 N 1434)
1. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
2. საბჭო იქმნება სამინისტროსთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) სამინისტროს წარმომადგენლები;
ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები;
გ) იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო სამსახური;
დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციათა წარმომადგენლები;
ე) საზოგადოებრიობის წარმომადგენლები;
ვ) სამედიცინო დაწესებულებათა წარმომადგენლები.
5. საბჭოს მუშაობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად. (13.05.2005 N 1434)
6. საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
7. საბჭო:
ა) ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს;
ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში; (13.05.2005 N 1434)
გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;
დ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების მექნიზმს.
1. ექიმი-სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი, დადგენილი ფორმის განცხადება;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის (სარეზიდენტო ან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, ან იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინება-რეკომენდაცია, სადაც სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი მუშაობდა;
ე) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა;
ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო;
ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი წიგნაკი;
თ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ შესაბამის საექიმო სპეციალობაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოთა აღწერა.
2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში და მიიღო დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) მუდმივი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში.
3. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატის მიღების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია განმცხადებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართი, აგრეთვე მითითება, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;
ბ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა, რომელიც გაცემულია ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში;
დ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.
1. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. (13.05.2005 N 1434)
3. საბჭო ვალდებულია წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგები აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.
4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს 70 დღეში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას. (13.05.2005 N 1434)
1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას უკვე ჩამოართვა სასამართლომ;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 5 წელი მისი გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა გაიაროს ხელახალი სერტიფიცირება ამ კანონით დადგენილი წესით. (13.05.2005 N 1434)
2. სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო საქმიანობას მისი მფლობელი ახორციელებს საბჭოს მიერ სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი.
2. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრს აწარმოებს საბჭოს სამდივნო. (13.05.2005 N 1434)
3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეიტანება:
ა) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის შესახებ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, სამსახურის მისამართი (სახელმწიფო ან კერძო სამედიცინო დაწესებულებაში შეთავსების მითითებით);
ბ) სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული საქმიანობის სახე (სახეები);
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის სერია, ნომერი, მინიჭებისა და გაცემის თარიღები; (13.05.2005 N 1434)
დ) მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ;
ე) საბჭოს იურიდიული მისამართი და სახელმწიფო სერტიფიკატზე ხელმომწერი პირის ვინაობა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში საბჭოს სამდივნოს შეაქვს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. (13.05.2005 N 1434)
5. ნებისმიერ პირს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს და წერილობით მიიღოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეტანილი მონაცემები.
1. თუ სახელმწიფო სერტიფიკატი დაიკარგა ან დაზიანდა, მისი მფლობელი განცხადებით მიმართავს სამინისტროს ასლის გაცემის თაობაზე.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი გაიცემა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა. (13.05.2005 N 1434)
3. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლის გაცემისას საბჭოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში შეაქვს შესაბამისი ცვლილება.
4. სახელმწიფო სერტიფიკატის ასლს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დედანს.
1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა ერთიანი და უნიფიცირებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება პირი, რომელსაც: (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ა) საქართველოში გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში გავლილი აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი შესაბამის საექიმო სპეციალობაში, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.
3. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებითი გასვლის უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება ხდება 5 წლით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, ახალი პროფესიული სტანდარტების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისების დადასტურება.
3. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება ამ კანონით დადგენილი წესით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების შენარჩუნებისათვის აუცილებელია ყველა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სუბიექტისათვის, დაკავებული თანამდებობის, სამეცნიერო ხარისხისა და აკადემიური წოდების მიუხედავად.
1. უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს საშუალებას აძლევს, თავისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა მიუსადაგოს თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და გააუმჯობესოს ამ საქმიანობის ყველა ასპექტი.
2. უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტებია:
ა) უწყვეტი სამედიცინო განათლება;
ბ) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა;
გ) პროფესიული რეაბილიტაცია;
დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტში მონაწილეობისთვის ენიჭება შესაბამისი ტიპის უპგ ქულა შემდეგი პრინციპით:
ა) უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის – I ტიპის უპგ ქულა;
ბ) უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობისთვის – II ტიპის უპგ ქულა;
გ) პროფესიული რეაბილიტაციისთვის – III ტიპის უპგ ქულა;
დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის – IV ტიპის უპგ ქულა.
1. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების მომზადებისა და განხორციელების, აგრეთვე, კლინიკური პრაქტიკის მეთოდური რეკომენდაციების, მათ შორის, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული მეთოდური რეკომენდაციების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სამინისტრო ქმნის დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს.
2. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
3. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოში შედიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ექიმთა პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამედიცინო და სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებებისა და სამინისტროს წარმომადგენლები.
4. დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო შეიმუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის კრიტერიუმებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით და შესაბამისი ტიპის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმებსა და წესს;
ბ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების, აგრეთვე პროფესიული რეაბილიტაციის კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს;
გ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების სისტემაში მონაწილეობისთვის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმებსა და წესს;
დ) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების შემუშავების, მათი მოდულებად დაყოფის და აკრედიტაციის კრიტერიუმებსა და წესს.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობაა:
ა) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება;
ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის დამადასტურებელი უპგ ქულების დადგენილი რაოდენობის დაგროვება უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ეწევა პრაქტიკულ საექიმო საქმიანობას სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რისთვისაც მას დადგენილი წესით მიენიჭება II ტიპის უპგ ქულების სათანადო რაოდენობა;
ბ) მისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა არ შეესაბამება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ კრიტერიუმებს, მაგრამ მას დადგენილი წესით მინიჭებული აქვს III ტიპის უპგ ქულების სათანადო რაოდენობა პროფესიული რეაბილიტაციით.
3. სამინისტრო, დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების საფუძველზე ამტკიცებს: (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ა) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ უპგ ქულების რაოდენობებს უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ უპგ ქულების რაოდენობებს.
1. სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;
გ) შესაბამის საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა;
დ) ამოღებულია (13.05.2005 N 1434)
ე) II ტიპის უპგ ქულების დადგენილი რაოდენობა, რომელიც ექიმს მინიჭებული აქვს უწყვეტი პრაქტიკული საექიმო საქმიანობისათვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად; (13.05.2005 N 1434)
ვ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო.
2. უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი;
გ) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებით;
დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის ფორმას განსაზღვრავს სამინისტრო. (13.05.2005 N 1434)
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სისტემაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის ფორმა განისაზღვრება სამინისტროს ნორმატიული აქტით.
1. საბჭო გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. (13.05.2005 N 1434)
2. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შესახებ ამ კანონით დადენილი წესით ან სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს გააგრძელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა საბჭოში წარდგენილი საბუთების განხილვის პერიოდში.
4. საბჭო არ განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის წარდგენილ საბუთებს, თუ:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი;
ბ) საბჭოს მიერ სასამართლოს წინაშე აღძრულია შუამდგომლობა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ.
1. საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგებს აქვეყნებს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვისა.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში არ გამოქვეყნდა ინფორმაცია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს განაგრძოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა ახალი სახელმწიფო სერტიფიკატი.
2. საბჭოს მონაცემები სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეაქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.
1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე, თუ:
ა) წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებას იმ საქმიანობაზე, რომლის უფლება მას უკვე ჩამოართვა სასამართლომ.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით.
4. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელების შემდეგ მისი მოქმედების შეჩერების, განახლების ან გაუქმების პირობები განისაზღვრება ამ კანონის 77–79-ე მუხლებით დადგენილი წესით.
1. სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება აქვს ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს შესაბამისი სუბსპეციალობის მოწმობა.
2. სუბსპეციალობის მოწმობის მისაღებად აუცილებელია სათანადო მზადების კურსის გავლა, გარდა იმ ექიმ-სპეციალისტებისა, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედების დროისათვის აქვთ მოცემული სუბსპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი. ამასთანავე, აღნიშნული სუბსპეციალობით მუშაობის სტაჟი არ უნდა იყოს მზადება-დახელოვნების კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
3. სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის და სუბსპეციალობის მოწმობის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ ექიმ-სპეციალისტებს, რომელთა სპეციალობა შეესაბამება მოცემულ სუბსპეციალობას. სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესის- შემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
4. სუბსპეციალობაში მზადების კურსის მოცულობას და ხანგრძლივობას ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შეიმუშავებს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
1. სუბსპეციალობის მოწმობა არის სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთი.
2. სუბსპეციალობის მოწმობის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
3. სუბსპეციალობის მოწმობა არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.
4. სუბსპეციალობის მოწმობის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.
1. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის საფუძველია:
ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; განცხადება აგრეთვე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სუბსპეციალობის მიღებას აპირებს მაძიებელი;
ბ) შესაბამის სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;
გ) შესაბამის სუბსპეციალობაში მზადების კურსის გავლის ან ამავე სუბსპეციალობით მუშაობის დამადასტურებელი საბუთი, ჩატარებულ სამუშაოთა აღწერის ჩათვლით.
2. სუბსპეციალობის მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
3. სუბსპეციალობის მოწმობა გაიცემა 5 წლის ვადით.
1. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადა გრძელდება 5 წლით, ამ კანონით დადგენილი წესით.
2. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობაა:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატი სუბსპეციალობის შესაბამის სპეციალობაში;
ბ) შესაბამის სუბსპეციალობაში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ქულების დადგენილი რაოდენობის დაგროვება. ქულების რაოდენობას ადგენს უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
3. სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების საფუძველია:
ა) სუბსპეციალობის მოწმობის მაძიებლის წერილობითი განცხადება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი სუბსპეციალობის შესაბამის სპეციალობაში;
გ) შესაბამის სპეციალობაში უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ქულების დადგენილი რაოდენობის დაგროვების დამადასტურებელი საბუთი.
სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების შეჩერება, მოქმედების განახლება და გაუქმება ხორციელდება ამ კანონის 77-ე–79-ე მუხლებით დადგენილი წესით.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას უნდა:
ა) პაციენტებსა და საზოგადოებაში პირადი მაგალითით ამკვიდრებდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს;
ბ) ხელმძღვანელობდეს მხოლოდ პროფესიული სტანდარტებით, ჰუმანიზმის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით, პატივს სცემდეს პაციენტის ღირსებას, აღმსარებლობასა და ტრადიციებს;
გ) მაქსიმალურად ითვალისწინებდეს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს;
დ) იყოს უანგარო, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას -თავისუფალი და დამოუკიდებელი;
ე) პირუთვნელად ასრულებდეს ექიმის ფიცს.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს მისთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:
ა) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის:
ა.ა) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო, პალიატიური ჩარევებისა და მათი ალტერნატიული ვარიანტების, თანმხლები რისკისა და ეფექტიანობის შესახებ; (8.05.2007 N4721)
ა.ბ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;
ა.გ) განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
ა.დ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;
ბ) ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშემწყობი ან უარყოფითი ზეგავლენის მომხდენი ფაქტორების შესახებ;
გ) პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების არსებული სახეებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობათა შესახებ, აგრეთვე გაწეული თუ განზრახული სამედიცინო მომსახურების საფასურისა და მისი ანაზღაურების წესის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი აწვდის პაციენტს მხოლოდ მისი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტის ან/და მესამე პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი არ აწვდის პაციენტს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ინფორმაციის მიწოდება სერიოზულ ზიანს მიაყენებს პაციენტის ჯანმრთელობას. გადაწყვეტილებას ინფორმაციის მიუწოდებლობის შესახებ ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო მისი არარსებობისას – მეორე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი. თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს ინფორმაციის მიღებას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს მას ეს ინფორმაცია.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის პაციენტისათვის მიუწოდებლობის შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერი, რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაციის მიუწოდებლობის საფუძველი.
თუ პაციენტი არის ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული, აგრეთვე თუ პაციენტს სხვა რამ არ აქვს განცხადებული წარსულში, როცა ის ქმედუნარიანი იყო ან/და ჰქონდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, ამ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი აწვდის პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.
1. საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან შეზღუდული ქმედუნარიანობის ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგების, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემების, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერების ჩათვლით.
2. ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს არ გააცნოს ქმედუნარიან პაციენტს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ან შეზღუდოს მისი მოცულობა, ხოლო თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობას, საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გააცნოს მას ეს ინფორმაცია.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება, გააცნოს ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს შესწორება, დამატება ან განმარტება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში, აგრეთვე განაახლოს პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო მონაცემები.
2. თუ პაციენტი არის ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნით შეიტანოს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესწორება, დამატება ან განმარტება.
3. საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნით არ შეცვალოს სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, თუ მისი დაფიქსირების აუცილებლობა საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია ქმედუნარიან ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტს სამედიცინო მომსახურების გაწევამდე გააცნოს თავისი ვინაობა და პროფესიული სტატუსი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან/და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების აუცილებლობა, რაც არ იძლევა ზემოხსენებულის განხორციელების შესაძლებლობას.
1. სამედიცინო მომსახურების გაწევამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა შემდეგი სამედიცინო ჩარევების წინ:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა);
ბ) აბორტი;
გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა);
დ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ე) ხელოვნური განაყოფიერება;
ვ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია.
1. ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მიიღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
2. თუ არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების ან/და ინვალიდობის რისკი, რის გამოც აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის, მაგრამ ვერ ხერხდება პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძებნა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
3. თუ არსებობს სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის, მაგრამ პაციენტის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინააღმდეგია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით.
4. თუ პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში და მოითხოვოს პაციენტისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის ნებართვა.
1. თუ ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტი უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ან მოითხოვს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურების შეწყვეტას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პაციენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ მშობიარე უარს აცხადებს ისეთი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ნაყოფის დაბადებისათვის და ეს მომსახურება მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტისაგან მიიღოს სამედიცინო განათლების პროცესში მონაწილეობაზე ზეპირი ინფორმირებული თანხმობა, ხოლო სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში მონაწილეობაზე – წერილობითი ინფორმირებული თანხმობა.
2. თუ პაციენტი არის ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების უნარს მოკლებულია, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი იღებს პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას სამედიცინო განათლების ან სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პაციენტის ჩართვაზე.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვე-ვებისა, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა როგორც საექიმო საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ:
ა) პაციენტი აძლევს ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას;
ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს;
გ) თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე;
დ) ინფორმაცია მიეწოდება სამედიცინო მომსახურების მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალს;
ე) ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისათვის;
ვ) ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვენ სამართალდამცველი ორგანოები;
ზ) ინფორმაცია მიეწოდება სახელმწიფო ორგანოებს პაციენტისათვის სოციალური შეღავათების დაწესების მიზნით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა;
თ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენლი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ:
ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების პრევენციისათვის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობისათვის. ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა; (8.05.2007 N4721)
ბ) ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს პაციენტის სამედიცინო მომსახურება გადააბაროს სხვა სამედიცინო პერსონალს, თუ:
ა) იმ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც გადააბარა პაციენტის სამედიცინო მომსახურება, მიაწოდა სრული ინფორმაცია პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ;
ბ) სამედიცინო მომსახურების გაგრძელება შესაძლებელია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად აუცილებელი დროის განმავლობაში;
გ) უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურების უსაფრთხოება და ხარისხი.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გადააბაროს პროფესიული საქმიანობისას შესასრულებელი ამოცანა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ან სასწავლო მიზნით ექიმის ფუნქციის შემსრულებელს, რომელსაც არ გააჩნია საამისოდ აუცილებელი ოფიციალური დოკუმენტი, თუ ის დარწმუნებულია, რომ სამედიცინო პერსონალს, რომელსაც დაავალა სამუშაოს შესრულება, აქვს სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. ასეთ შემთხვევებში სამედიცინო მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელია გადამბარებელი.
თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის ჯანმრთელობას რაიმე ზიანი მიადგა ან არსებობს ზიანის მიყენების რისკი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას.
ამ კანონის V თავით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულება ეკისრება ექიმის ფუნქციის შემსრულებელსაც.
პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა და მკურნალობა უზრუნველყოს ისეთივე ხარისხითა და სამედიცინო სტანდარტებით, როგორითაც იმ ადამიანებისა, რომლებიც არ არიან პატიმრები, დაკავებულები ან დატყვევებულები.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება:
ა) პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი ისეთ ქმედებებთან, რომლებიც დაკავშირებულია წამებაში ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობაში ან/და სასჯელში მონაწილეობასთან, თანამონაწილეობასთან, წაქეზებასთან ან წაქეზების მცდელობასთან, აგრეთვე, ამგვარ მოქმედებებზე დასწრება;
ბ) პატიმართან, დაკავებულთან ან დატყვევებულთან პროფესიული ურთიერთობა, თუ ამის ერთადერთი მიზანი არ არის მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, დაცვა ან გაუმჯობესება და ეს ურთიერთობა ეწინააღმდეგება სამედიცინო ეთიკის პრინციპებს;
გ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის დაკითხვის ხელშეწყობისათვის ისეთი მეთოდებით, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებენ მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ან მდგომარეობაზე;
დ) პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება, ინსტრუმენტის ან ნივთიერების გაცემა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ხელშეწყობის მიზნით, ან ამგვარი მოქმედებების მიმართ მისი წინააღმდეგობის შესასუსტებლად;
ე) პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის ნებისმიერ შემზღუდავ მოქმედებაში მონაწილეობა, თუ ეს უკანასკნელი არ არის განსაზღვრული სამედიცინო ჩვენებებით, არ არის აუცილებელი მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის, სხვა პატიმრის, დაკავებულის ან დატყვევებულის ანდა ბადრაგის უსაფრთხოებისათვის და საშიშროებას უქმნის პატიმრის, დაკავებულის ანდა დატყვევებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აკრძალვები ძალაშია საგანგებო მდგომარეობის დროსაც, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირების ჩათვლით.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ეკრძალება მოშიმშილე პატიმრის ან დაკავებულის ხელოვნური კვება, თუ იგი უარს ამბობს საკვების ბუნებრივი გზით მიღებაზე და მას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის აზრით, შესწევს საკვების მიღების ნაბაყოფლობით შეწყვეტის შედეგების დამოუკიდებლად და გონივრულად შეფასების უნარი. ეს აზრი უნდა დაადასტუროს ერთმა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა მაინც. ამავე დროს, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო მომსახურება პაციენტს, თუ ეს უკანასკნელი ამის წინააღმდეგი არ არის.
2. პატიმრის ან დაკავებულის მიერ საკვების მიღებაზე უარის განცხადების შემთხვევაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აცნობოს პატიმარს ან დაკავებულს საკვების მიღებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ, აგრეთვე აცნობოს მას, გაუწევს თუ არა იგი სამედიცინო მომსახურებას შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში.
3. თუ პატიმარი ან დაკავებული ნებაყოფლობითი შიმშილობის შედეგად უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის ან/და სიცოცხლის ინტერესების შესაბამისად, მიუხედავად პაციენტის მიერ მანამდე განცხადებული ნებისა. გადაწყვეტილებას ამის თაობაზე იღებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი. გადაწყვეტილების მიღებაზე არ უნდა იქონიოს გავლენა მესამე პირის მოსაზრებებმა, რომლისთვისაც პაციენტის კეთილდღეობა არ არის მთავარი.
4. თუ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე მოშიმშილე პატიმარი ან დაკავებული უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, შიმშილობის მოსალოდნელ შედეგებზე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პასუხს არ აგებს.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია თითოეული პაციენტისათვის აწარმოოს სამედიცინო ჩანაწერები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სხვა მოთხოვნების გათვალისწინებასთან ერთად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ სამედიცინო ჩანაწერების წარმოებისას აუცილებელია:
ა) სამედიცინო ჩანაწერები შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე;
ბ) სამედიცინო ჩანაწერები იყოს სრულყოფილი. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა სამედიცინო ჩანაწერების თითოეული ნაწილი (პაციენტის პიროვნული, სოციალური, სამედიცინო და სხვა მონაცემები) სრულად უნდა შეავსოს;
გ) სამედიცინო ჩანაწერებში ინფორმაცია დაფიქსირდეს დროულად და განსაზღვრულ ვადებში;
დ) სამედიცინო ჩანაწერები ადეკვატურად ასახავდეს პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს;
ე) სამედიცინო ჩანაწერების ყოველი ახალი ნაწილი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა დაამოწმოს მკაფიო ხელმოწერით, არსებული წესის მიხედვით.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო ჩანაწერების შენახვის არსებული წესი. იგი ვალდებულია სამედიცინო ჩანაწერები გააცნოს მესამე პირს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია საექიმო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პაციენტის ინტერესები, საექიმო საქმიანობის პრესტიჟი, დაამკვიდროს კოლეგებს შორის ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმაროს კოლეგას, რომელიც მას მიმართავს მომსახურების გაწევის მიზნით.
1. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართა პაციენტმა, რომელსაც მანამდე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მეთვალყურეობდა, პირველი ვალდებულია ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ პაციენტმა, მისმა ნათესავმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა შეატყობინონ ამის შესახებ იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც პაციენტს ადრე მეთვალყურეობდა. აკრძალულია პაციენტისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარის თქმა იმ მიზეზით, რომ მას ადრე იმავე სპეციალობის სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მკურნალობდა.
2. სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ გამოგზავნილი პაციენტის მკურნალობის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უკან გაუგზავნოს პაციენტი იმავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თუ შემდგომში საჭიროა მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელება. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა.
3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გაუწია პაციენტს, რომელსაც მანამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, მომსახურების გამწევი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად შეატყობინოს ამის შესახებ ადრინდელ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს და პაციენტის თანხმობით მასვე გადააბაროს ავადმყოფის შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა.
4. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პაციენტს, რომელსაც მკურნალობს ან/და მეთვალყურეობს იმავე დაწესებულებაში მომუშავე კოლეგა, თუ ეს უკანასკნელი რაიმე მიზეზის გამო ვერ ახერხებს სამედიცინო მომსახურების განხორციელებას.
სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის გაწერის შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მისი შემდგომი მკურნალობა ან/და მეთვალყურეობა მიანდოს იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც სტაციონარში შემოსვლამდე მკურნალობდა ან/და მეთვალყურეობდა პაციენტს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის თანხმობა. პაციენტის მკურნალობის ან/და მეთვალყურეობის გაგრძელების უფლება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს აქვს მხოლოდ პაციენტის მოთხოვნით, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს სამედიცინო დოკუმენტაციაში.
პაციენტის კონსილიუმის წესით გასინჯვისას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონსილიუმის მონაწილეთა მსჯელობის დროს აკრძალულია პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის დასწრება. კონსილიუმის მონაწილენი უნდა შეთანხმდნენ, თუ ვინ აცნობებს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს კონსილიუმის გადაწყვეტილებას.
თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მოიწვევს თავის კოლეგას პაციენტის სამედიცინო მომსახურებაში მონაწილეობისათვის, ხოლო პაციენტთან მას დადებული აქვს ხელშეკრულება გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შესახებ, მომწვევი ვალდებულია შესთავაზოს მოწვეულს მისი შრომის შესაბამისი საზღაური.
ერთობლივი საექიმო საქმიანობის, აგრეთვე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ხელმძღვანელობით მიმდინარე უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილე კოლეგის საქმიანობის ზეპირად ან წერილობით შეფასებისას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იყოს კეთილსინდისიერი და ობიექტური, ხელმძღვანელობდეს ამ კანონის 57-ე მუხლში აღნიშნული პრინციპებით.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იზრუნოს თავისი ხელქვეითი კოლეგის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში დადგენილი წესით მონაწილეობაზე.
აკრძალულია:
ა) კოლეგის საექიმო საქმიანობის არაობიექტური კრიტიკა, მისი პიროვნული თვისებების დამამცირებელი გამონათქვამები;
ბ) კოლეგისათვის საექიმო საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი გაძევების მცდელობა ან კონკურენციის გამო გაძევება;
გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ საექიმო პრაქტიკის დაწყება 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის საექიმო პრაქტიკის ტერიტორიაზე (რეგიონში, დასახლებულ პუნქტში ან მის ნაწილში), რომელთანაც ის მუშაობდა უმცროს ექიმად ან გადიოდა მასთან რეზიდენტურის კურსს ან სწავლობდა დიაგნოსტიკურ ან/და სამკურნალო მეთოდებს არანაკლებ 3 თვისა. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია ზემოხსენებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თანხმობა;
დ) უმუშევარი კოლეგის მდგომარეობით სარგებლობა და მასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სატარიფო ნორმებზე ნაკლები ანაზღაურების გათვალისწინებით;
ე) საზღაურის მიღება სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ან გამოსაკვლევი მასალის გაგზავნისათვის, აგრეთვე საზღაურის გაცემა იმ შემთხვევებში, როცა მას უგზავნიან პაციენტს ან გამოსაკვლევ მასალას.
1. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობაში საუნივერსიტეტო კლინიკების, ექიმთა პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას.
1. საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია:
ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
გ) უმაღლესისშემდგომ უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობაზე მეთვალყურეობა და მისი შეფასება;
დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების საჭიროებისამებრ პერიოდული შემოწმება ამ კანონით დადგენილი წესით;
ე) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და პროფესიული ვარგისიანობის დადგენა ამ კანონით განსაზღვრული წესით.
1. სამინისტრო პერიოდულად, წელიწადში ერთხელ მაინც, შერჩევით აკონტროლებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო დოკუმენტაციას.
2. შემოწმების შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც შემოწმდა.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს დაურთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმი.
სამინისტრო ქმნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემას, რაც გულისხმობს:
ა) ყველა საექიმო სპეციალობასა და სუბსპეციალობაში პროგრამების მომზადებას;
ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების შესაბამისი ფორმების განსაზღვრას;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ კომპონენტებსა და ფორმებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმებისა და წესის განსაზღვრას;
დ) სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განვითარების მარეგულირებელი საკონსულტაციო ჯგუფების ჩამოყალიბებას და მათი ფუნქციების განსაზღვრას;
ე) უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობით ხელახალი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმების განსაზღვრას.
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღარ შეუძლია განახორციელოს პროფესიული საქმიანობა, სამინისტროს უფლება აქვს დაავალოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს სამედიცინო დაწესებულებაში გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გაიაროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო შემოწმება სამინისტროს მიერ გადაწვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
3. სამედიცინო შემოწმების შედეგებს აფასებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დამქირავებელი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველწლიურ, პროფილაქტიკურ შემოწმებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული გამოკვლევების ნუსხის შესაბამისად.
თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ამ კანონის 77-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისა-თვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება;
დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედი-კამენტების გამოწერის შეზღუდვა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფე-სიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტი-ლებას იღებს საბჭო.
3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე.
1. წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.
2. წერილობითი გაფრთხილების საფუძველია: (13.05.2005 N 1434)
ა) პაციენტის განცხადება ან საჩივარი;
ბ) პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი;
გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;
დ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა;
ე) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი;
ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მუშაობს.
3. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედებისათვის შემოსული განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
4. თუ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში წერილობითი გაფრთხილება მიეცა სულ ცოტა 3-ჯერ, საბჭო უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საკითხი.
5. საბჭო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა აცნობოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;
ბ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მოთხოვნისთანავე გააცნოს მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს 2 თვისა;
დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივანს. (13.05.2005 N 1434)
6. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება დარღვევიდან 5 წლის შემდეგ ანდა გაფიცვაში ან სხვა მსგავს ქმედებაში მონაწილეობისათვის.
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება არის სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დროებითი აკრძალვა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ან სასამართლოს მიერ მის გაუქმებამდე.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველია:
ა) მისი მფლობელის მიერ სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების ან სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლო-ბით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სულ ცოტა 3-ჯერ მიღებული წერილობითი გაფრთხილება.
2. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს არა უმეტეს 3 თვით.
3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ ერთი კვირის ვადაში წერილობით ეცნობება მის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძვლის მითითებით; ამასთან, კეთდება შესაბამისი აღნიშვნა სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.
4. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
1. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
2. საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის განცხადება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების განახლების შესახებ განიხილოს პირველსავე სხდომაზე. (13.05.2005 N 1434)
1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობასთან;
ბ) განმეორებითი სერტიფიცირების შემდეგ საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს;
დ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ამ კანონით დადგენილი ვადის გასვლა, თუ მანამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა ვერ მოახერხა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულება;
ე) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, თუ ამ უკანასკნელს მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება ან სიკვდილი ანდა პაციენტისათვის მატერიალური ზიანის მიყენება;
ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელისათვის თავისუფლების აღკვეთის ან მისი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
ზ) სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძვლად ყალბი დოკუმენტის გამოყენების აღმოჩენა. (13.05.2005 N 1434)
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ საბჭოს განცხადების საფუძველზე იღებს შესაბამისი სასამართლო განსჯადობის მიხედვით.
3. საბჭო სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართავს სასამართლოს 5 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველი.
4. საბჭო ვალდებულია:
ა) 5 დღის ვადაში წერილობით აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის წერილობითი მიმართვის შესახებ, შესაბამისი საფუძვლების ჩვენებით;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიტანოს შესაბამისი მონაცემები სახელმწიფო სასერტიფიკაციო რეესტრში.
5. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვისას საბჭოს უფლება აქვს შეაჩეროს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუ საბჭო თვლის, რომ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პაციენტების ჯანმრთელობას. სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების აუცილებლობა წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული.
საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის თაობაზე დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
1. განცხადება ან საჩივარი საბჭოს უნდა წარედგინოს წერილობით.
2. საბჭოში წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;
ბ) იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;
გ) განცხადების ან საჩივრის არსსა და მოთხოვნას;
დ) სხვა გარემოებებს.
3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიერ.
4. თუ განცხადებას ან საჩივარს წარადგენს განმცხადებლის ან მომჩივნის ნათესავი ან საქართველოს კანონიერი წარმომადგენელი, მისი უფლებამოსილება უნდა დაამოწმოს ნოტარიუსმა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა.
თუ განცხადება ან საჩივარი არასრულყოფილია და იგი ვერ გახდება განხილვის საფუძველი, საბჭო მოითხოვს დამატებითი მასალების წარდგენას უახლოესი 2 კვირის ვადაში. დამატებითი მასალების წარუდგენლობის შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
1. განცხადების ან საჩივრის მიღების შემთხვევაში საბჭო მის ასლს ერთი კვირის ვადაში უგზავნის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი. (13.05.2005 N 1434)
2. შეტყობინების გაგზავნა არ არის სავალდებულო, თუ ცნობილია, რომ ამ კანონის 83-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებზე წერილობით უნდა გასცეს პასუხი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საბჭო გადაწყვეტს, რომ საკმარისია ზეპირი პასუხი.
2. პასუხში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა გარკვევით უნდა აღნიშნოს, ეთანხმება თუ უარყოფს განცხადებაში ან საჩივარში მითითებულ გარემოებებს, აგრეთვე დაასაბუთოს თავისი შეხედულება და წარადგინოს გამამართლებელი გარემოებები.
1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს მიიღოს განმარტებები შესაბამისი პირებისაგან, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ექსპერტიზის ჩამტარებელი პირისათვის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება საბჭოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.
3. შესაბამის საექიმო სპეციალობის ექიმთა პროფესიულ ასოციაციას, მოპასუხის თანხმობის შემთხვევაში ან მისი მოთხოვნით, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში.
საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.
თუ საბჭო მიიჩნევს, რომ პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადებაში ან საჩივარში აღძრული საკითხის განხილვა არ შედის საბჭოს კომპეტენციაში და უარი განცხადების ან საჩივრის განხილვაზე არ ხელყოფს პაციენტის უფლებებს, საბჭომ განცხადება ან საჩივარი განსახილველად შეიძლება გადაუგზავნოს დამოუკიდებლი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებელს ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს.
საბჭოს გადაწყვეტილება პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში.
1. ტელემედიცინის გამოყენებით სამედიცინო კონსულტაციის მიღების უფლება აქვს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.
2. ტელემედიცინის გამოყენებით მიღებული სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე პაციენტს რეკომენდაციას აძლევს მხოლოდ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი.
3. პაციენტისათვის ამ ფორმით გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგებზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელიც უშუალოდ გასცემს რეკომენდაციას.
1. ტელემედიცინის საშუალებების გამოყენებისას პაციენტის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა ევალება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს.
2. პაციენტის მოთხოვნით მონაცემები მისი ვინაობის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ტელემედიცინის გამოყენებით შეიძლება გადაიცეს ანონიმურად.
1. ტექნიკურ პერსონალს, რომელიც მონაწილეობს ტელემედიცინის საშუალებებით ინფორმაციის გადაცემაში, ეკრძალება მიღებული კონსულტაციის თაობაზე ინფორმაციის გამჟღავნება პაციენტისათვის.
2. ტექნიკური პერსონალი ვალდებულია დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალობა.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დამქირავებლისაგან მოითხოვოს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური სამუშაო პირობების შექმნა.
თუ ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში სათანადო ანაზღაურების მიღება არ არის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისა და პაციენტის შეთანხმების საგანი, დამქირავებელი უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს პროფესიული საქმიანობის ადეკვატური ანაზღაურებით. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ანაზღაურების სისტემის შექმნაში მონაწილეობენ ექიმის ინტერესთა დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის და ფინანსთა სამინისტროები.
1. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოები აწესებენ ხელფასზე დანამატებსა და სხვა შეღავათებს, საცხოვრებელი ფართობისა და სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობათა და რეგიონთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის მისაღებად უფლება აქვს დამქირავებელს მოსთხოვოს ფასიანი შვებულება, აგრეთვე უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, მგზავრობის საფასურის ანაზღაურება, ასევე ცხოვრების ხარჯების დაფარვა, თუ უწყვეტი პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმებში მონაწილეობისთვის აუცილებელია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის საცხოვრებელი ადგილიდან შორს ყოფნა.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგადაც პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი.
1. დაევალოთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს, ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში განსაზღვრონ იმ ქვეყნების ნუსხა, რომელთა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დიპლომები აღიარებულია საქართველოში.
2. ამოღებულია (11.11.2004 N 593)
3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის ფორმა;
ბ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად 2004 წლამდე განსაზღვროს თითოეულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა;
გ) ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვროს იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შეიძლება კლინიკურ სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა;
დ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად განსაზღვროს იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, სადაც შეიძლება პროფილაქტიკური მედიცინის სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა;
ე) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულება;
ვ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად 2005 წლისათვის მოამზადოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტების პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის საჭირო უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები ყველა საექიმო სპეციალობაში; განსაზღვროს სწავლების მეთოდები; შეიმუშაოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები; შეიმუშაოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის განმეორებითი სერტიფიცირებისათვის საჭირო კრიტერიუმები უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობის შედეგების მიხედვით;
ზ) ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში განსაზღვროს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობის ფორმა.
31. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცოს: (13.05.2005 N 1434)
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში:
ა.ა) პირობები და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზედაც საქართველოში სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირს უცხო ქვეყნის სპეციალისტის ხელმძღვანელობით მუშაობის პერიოდი ჩაეთვლება უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობად;
ა.ბ) სარეზიდენტო პროგრამების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები;
ა.გ) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ა.დ) იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ა.ე) დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობის ფორმა, ერთიანი როგორც რეზიდენტურის, ისე რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლებისათვის (პროფესიული მზადებისათვის); (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ა.ვ) დიპლომისშემდგომი განათლებისა (პროფესიული მზადების) და უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოს დებულება; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ა.ზ) უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების, აგრეთვე პროფესიული რეაბილიტაციის კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი;
ა.თ) II ტიპის უპგ ქულების რაოდენობა, რომელიც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა მოიპოვოს პრაქტიკული საექიმო საქმიანობით, რათა დაშვებული იქნეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად;
ა.ი) III ტიპის უპგ ქულების რაოდენობა, რომელიც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა უნდა მოიპოვოს პროფესიული რეაბილიტაციით, რათა დაშვებული იქნეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, როცა მისი პრაქტიკული საექიმო საქმიანობა არ შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს;
ა.კ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის საჭირო უპგ ქულების რაოდენობები უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების მიხედვით;
ა.ლ) რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში უწყვეტი პროფესიული განვითარების მარეგულირებელი საკონსულტაციო ჯგუფების ფუნქციებისა და საქმიანობის შესახებ;
ა.მ) სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხა;
ა.ნ) სუბსპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი საბუთის – სუბსპეციალობის მოწმობის ფორმა;
ა.ო) სუბსპეციალობის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები და წესი;
ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში:
ბ.ა) ახალ საექიმო სპეციალობაში დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მოცულობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრის კრიტერიუმები; (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ბ.ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
ბ.გ) ცალკეულ საექიმო სპეციალობებში რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესი;
გ) ეტაპობრივად – 2007 წლის 1 იანვარამდე:
გ.ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში მონაწილეობისთვის შესაბამისი ტიპის უპგ ქულების მინიჭების კრიტერიუმები და წესი;
გ.ბ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტების შესაბამისი ფორმები;
გ.გ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეულ კომპონენტებში და მათ შესაბამის ფორმებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მონაწილეობის შეფასების კრიტერიუმები და წესი.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული, განსხვავებული (ახალი) წესებითა და კრიტერიუმებით უპგ ქულების გაანგარიშების მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ 31 პუნქტით განსაზღვრული თითოეული ნორმატიული აქტის ამოქმედების შემდეგ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე. (13.05.2005 N 1434)
4. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის ექიმი სპეციალისტის სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძვლად ჩაითვალოს:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს, აგრეთვე მითითებას, თუ რომელი საექიმო სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;
ბ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო ცენზის დამადასტურებელი სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატი;
გ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის დიპლომის ასლი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო ხარისხის 1997 წლის 1 ნოემბრამდე მინიჭება;
დ) შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი ბოლო 15 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატისათვის და შესაბამისი საექიმო სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი ბოლო 10 წლის განმავლობაში – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისათვის;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ვ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს ასეთი გააჩნია.
5. ამ კანონის მე-17 მუხლი ამოქმედდეს 2003 წლიდან.
6. ამ კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2005 წლიდან.
7. ამოღებულია (11.11.2004 N 593)
სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელება (რესერტიფიცირება) შეჩერდეს 2005 წლის 1 სექტემბრამდე.
1. უმცროს ექიმს 2006 წლამდე სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:
ა) ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით;
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. უმცროსი ექიმის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წესებს შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
4. პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები) ამა თუ იმ საექიმო სპეციალობაში, რეზიდენტურის ალტერნატიული პროფესიული მზადების (მოდულების გავლის) უფლება მიეცემა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას, მის მიერ შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაეთვლება სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად. (10.11.2005 N2055 2006 წლის 1 იანვრიდან)
2005 წლის 1 მარტამდე გაცემული სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 7 წელი.
კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში 2008 წლის 1 იანვრამდე ექიმის ფუნქციის შესრულება ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში ასპირანტს, თუ მანამდე არ ჰქონდა მიღებული საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი, უფლება აქვს შეასრულოს ექიმის ფუნქცია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის პროგრამით, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) კლინიკურ ასპირანტურაში სწავლა გათანაბრებულია შესაბამის საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურაში მომზადებასთან. თუ რეზიდენტურაში მომზადების ვადა აღემატება ასპირანტურაში სწავლის ხანგრძლივობას, ასპირანტურაში სწავლის წლები ჩაითვლება რეზიდენტურის ხანგრძლივობის შემადგენელ ნაწილად;
გ) პირს, რომელმაც კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის დაწყებამდე მიიღო სახელმწიფო სერტიფიკატი, კლინიკურ ასპირანტურაში სწავლის პერიოდში უფლება აქვს განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საექიმო სპეციალობით.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 8 ივნისი.
N 904 – IIს
Georgian delegation (George Chakhava Ambassador of Georgia, Chair of Plenary Session, Miranda Demuria Secretary of Neurology Section , Mikheil Sandler, Nani Burduli , Temuri Margania GAMS and speakers of GAMS Marina Janelidze and Nana Kvirkvelia participated in the World Congress Controversions in Neurology that was held in London UK 21-24.03.2024-wonderful and scientifically very important meetings with leading specialists of the world, great discussions in friendly atmosphere